ტექნოლოგიები და ჯანმრთელობა

ჯანმრთელობა და ტექნოლოგიები​

cell-phone-absorb
საიტი ატარებს მხოლოდ ინფორმატიულ შინაარსს და არ ეწევა რეკლამირებას ან კომერციულ საქმიანობას. სტატიები ითარგმნება მოხალისეების შემოწირულობებით.

 

 

წყარო: https://www.healthline.com/health-news/are-wireless-headphones-dangerous (2019 .03 .24)

გამოყენებული ტერმინები:

* SAR – Specific absorption rate – სპეციფიკური აბსორბციის მნიშვნელობა
* RFR – Radio frequency radiation – რადიოსიხშირული გამოსხივება
EMF – Electromagnetic Field – ელექტრომაგნიტური ველი

 

საშიშია თუ არა Bluetooth ყურსასმენები? – ექსპერტთა მოსაზრებები.

ცოტა ხნის წინ ინტერნეტი აჭრელებული იყო ინფორმაციით იმის შესახებ, რომ Bluetooth და უსადენო ყურსასმენები შესაძლოა ზრდიდეს კიბოს რისკს.

აღნიშნული აჟიოტაჟი გამოიწვია ინტერნეტ-გამოცემა Medium-ის მიერ დადებულმა სტატიამ, რომელშიც მოყვანილი იყო 2015 წელს გაკეთებული მიმართვა, რომელშიც 247 მეცნიერი 42 ქვეყნიდან გამოხატავდა შეშფოთებას უსადენო მოწყობილობების მიერ წარმოქმნილი ელექტრომაგნიტური ველების (EMF) ადამიანის ჯანმრთელობაზე ზემოქმედების შესახებ.

მეცნიერები აფრთხილებდნენ მოსახლეობას იმის შესახებ, რომ ქრონიკული EMF ზემოქმედებით გამოწვეული ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პოტენციური რისკები, სხვა მრავალ დარღვევასთან ერთად, გულისხმობს კიბოს, გენეტიკურ დაზიანებებს, ნევროლოგიურ დარღვევებს, სწავლისა და მეხსიერების დეფიციტსა და რეპროდუქციულ პრობლემებს.

აღნიშნული მიმართვა მოუწოდებდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასა (WHO) და გაეროს, შემოეღოთ უფრო მკაცრი გაიდლაინები უსადენო მოწყობილობების მიერ წარმოქმნილ EMF-ის ზემოქმედებასთან დაკავშირებით, რათა უკეთესად დაეცვათ ადამიანები პოტენციურად მავნე ეფექტებისგან.

ჯოელ მ. მოსკოვიჩის თქმით (საოჯახო და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი; კალიფორნიის უნივერსიტეტი, ბერკლი), მიუხედავად იმისა, რომ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკების შესწავლის კუთხით მნიშვნელოვანი კვლევები ჩატარდა EMF-ის გარშემო, ძალიან ცოტა იყო მათგან უშუალოდ Bluetooth ან უსადენო ყურსასმენების ხანგრძლივი ზემოქმედებაზე ორიენტირებული.

მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად ზუსტად არ ვიცით, თუ რას წარმოადგენს რისკები, რომლებიც ყურში მოსათავსებელი უსადენო ყურსასმენების ქრონიკულ გამოყენებასთანაა დაკავშირებული, მეცნიერები ნელ-ნელა აცნობიერებენ იმ პოტენციურ ზიანს, რომელიც შესაძლოა ამგვარ ქცევას ახლდეს თან.

 

ზუსტად რას წარმოადგენს ელექტრომაგნიტური გამოსხივება?

ელექტრომაგნიტური ველები წარმოადგენს ენერგიის ან გამოსხივების უხილავ არეს რომელიც ელექტროობის საშუალებით წარმოიქმნება.

როდესაც ჩვენ Bluetooth ან უსადენო ყურსასმენებს ვიყენებთ – რასაც თან ახლავს ასევე კომპიუტერების, მობილური ტელეფონებისა და თუნდაც მიკროტალღური ღუმელების გამოყენება – ისინი წარმოქმნიან სპეციფიკური ტიპის არაიონიზირებად (ან დაბალი დონის) EMF-ს, რომელსაც რადიოსიხშირული გამოსხივება (RFR) ეწოდება.

2011 წელს კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტომ აღნიშნული ტიპის გამოსხივება ადამიანებისათვის პოტენციურ კანცეროგენად დაასახელა. აღნიშნული კლასიფიცირება ეფუძნებოდა თავის ტვინის სიმსივნის ერთ-ერთი ტიპის – გლიომის გაზრდილ რისკს, რომელიც მობილური ტელეფონების გამოყენებასთანაა დაკავშირებული.

გარდა ამისა, 2018 წელს ტოქსიკოლოგიის ეროვნული პროგრამის (NTP) კვლევამ აჩვენა, რომ RFR– ის მაღალი დონის ზემოქმედება – რომელიც, მაგალითად, 2G და 3G ფიჭურ ტელეფონებში გვხვდება – შესაძლოა ვირთაგვებში კიბოს გამომწვევ ფაქტორს წარმოადგენდეს.

დღეისათვის არსებული ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა მდგომარეობს იმაში, თუ რა მიმართებაშია აღნიშნული შედეგები ადამიანებთან და კონკრეტულად რა დონის RFR-ები შეიძლება წარმოადგენდეს საფრთხეს ჩვენი ჯანმრთელობისათვის.

მეცნიერები თვლიან, რომ ამჟამინდელი EMF გაიდლაინები არაადეკვატურია

მოსკოვიჩის თქმით, ზოგადად, Bluetooth ყურსასმენების მიერ გამოყოფილი გამოსხივება მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება ჩვეულებრივი მობილური ტელეფონის მიერ გამოყოფილი გამოსხივებას.

თუმცა, როდესაც საქმე ასეთი ტიპის გამოსხივების ზეგავლენის განმარტებას ეხება, ემისიები არ წარმოადგენს ერთადერთ ყურადსაღებ ფაქტორს. სპეციფიკური აბსორბციის მნიშვნელობა (SAR) – ან რადიოსიხშირის რაოდენობა, რომელსაც ადამიანის სხეული მოწყობილობისგან ითვისებს – ასევე გვეხმარება იმის განსაზღვრაში, თუ რეალურად რა რაოდენობის გამოსხივება აღწევს ჩვენს სხეულში.

მიუხედავად იმისა, რომ Bluetooth და უსადენო ყურსასმენები, მობილურ ტელეფონებთან შედარებით, უფრო დაბალი სიდიდის გამოსხივებას წარმოქმნიან, ზოგიერთი ჯანდაცვის ექსპერტის აზრით, მათი სხეულთან ახლოს მოთავსება მაინც დიდ საშიშროებას წარმოადგენს.

მოსკოვიჩის თქმით: ”Bluetooth მოწყობილობების სიახლოვის გამო – განსაკუთრებით კი, უსადენო ან ყურში დასამაგრებელი ყურსასმენების სხეულთან ან თავთან მოთავსების შემთხვევაში – თავის არეზე რეალური ზემოქმედება ალბათ მხოლოდ ნახევარი ან მესამედია იმ ზემოქმედებასთან შედარებით, რომელსაც მობილური ტელეფონებისგან განიცდით.”

მოსკოვიჩის თანახმად, დღესდღეობით კომუნიკაციების ფედერალური კომისიის (FCC) მოთხოვნით, უსადენო მოწყობილობების SAR უნდა იყოს 1.6 ვტ/კგ ან ნაკლები. აღნიშნული მაჩვენებელი შემუშავდა 1990-იანი წლების შუა პერიოდში, რათა დაეცვა მომხმარებლები მოკლევადიანი გადახურების რისკებისგან. იგი ასევე დასძენს, რომ Apple AirPods-სთვის SAR მაჩვენებელი წარმოადგენს დაახლოებით 0,466 ვატს კილოგრამზე.

მიუხედავად იმისა, რომ AirPod-ის SAR სავსებით შეესაბამება დაშვებულ დიაპაზონს, მრავალი მეცნიერი წუხს, რომ ამჟამინდელი SAR რეგულაციები ეფექტურად არ ითვალისწინებს იმ რისკებს, რომლებიც პოტენციურად უკავშირდება ასეთი დაბალი დონის რადიაციის ხანგრძლივ ზემოქმედებას.

ზოგიერთი ექსპერტი ვარაუდობს, რომ დაბალ დონის SAR შემთხვევებშიც კი, უსადენო მოწყობილობების გახანგრძლივებულმა, ქრონიკულმა გამოყენებამ შეიძლება დროთა განმავლობაში საკმაო “დაგროვების ეფექტი’ იქონიოს და ზიანი მიაყენოს ჩვენს ჯანმრთელობას.

”თუ ადამიანი დღეში მრავალი საათის განმავლობაში იყენებს AirPods– ს, აღნიშნული მიკროტალღური გამოსხივების კუმულაციური ზემოქმედება ტვინზე შეიძლება არსებითი აღმოჩნდეს,” – განაცხადა მოსკოვიჩმა საკუთარ ვებგვერდზე.

ყველა ფაქტორის გათვალისწინებით, როგორც ჩანს, არსებობს მნიშვნელოვანი საჭიროება იმისა, რომ უფრო მეტი მონაცემი შეგროვდეს ჩვენ მიერ გამოყენებული უსადენო მოწყობილობების მიერ წარმოქმნილი გამოსხივების ქრონიკული ზემოქმედებისა და ჯანმრთელობაზე მისი გავლენის შესახებ. ამასთანავე, აუცილებელია ხელახლა გადაიხედოს ზემოქმედების ლიმიტების გაიდლაინები.

 

არსებობს გარკვეული სიფრთხილის ზომები

სანამ ხელთ არ გვაქვს საჭირო მონაცემები, ერთადერთი, რისი გაკეთებაც შეგვიძლია არის ის, რომ მივიღოთ განსაკუთრებული ზომები ჯანმრთელობის პოტენციური რისკების თავიდან ასაცილებლად.

“თუ გეგმავთ ხანგრძლივი სატელეფონო ზარების განხორციელებას, ყველაზე უსაფრთხო ალტერნატივას თქვენი ტელეფონის სპიკერის ფუნქციისა და სადენიანი ყურსასმენების გამოყენება წარმოადგენს” – განუცხადა Healthline – ს დოქტორმა სანტოშ კესარიმ, ნეირო-ონკოლოგმა და Providence Saint John’s Health Center-ის ჯონ უეინის კიბოს ინსტიტუტის მთარგმნელობითი ნეირომეცნიერებისა და ნეიროთერაპიის განყოფილების თავმჯდომარემ (სანტა მონიკა, კალიფორნია).

იგივე ეხება მათ, ვინც ყოველდღიურად საათობით უსმენს მუსიკას ან პოდკასტებს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის, რომლებიც ჯერ კიდევ ვითარდებიან და შესაბამისად, უფრო მგრძნობიარენი არიან გამოსხივების მიმართ.

”ბავშვები უფრო მაღალი რისკის ქვეშ არიან, რადგან მათ პატარა თავი და თხელი თავის ქალა აქვთ. აქედან გამომდინარე, მოსალოდნელია, რომ ისინი უფრო მაღალ დონეზე განიცდიდნენ ნებისმიერი სახის EMF გამოსხივებას, ” – განმარტა კესარიმ.

სხვა ზოგადი სიფრთხილის ზომები გულისხმობს, შესაძლებლობის შემთხვევაში, მობილურ ტელეფონის სახისგან 25 სმ დაშორებით დაჭერასა და მის გამოყენებას მხოლოდ ძლიერი სიგნალის არსებობის შემთხვევაში, რადგან სუსტი სიგნალისას უფრო მეტი გამოსხივება გამოიყოფა – ამბობს მოსკოვიჩი.

დღესღეობით შესაძლოა თითქმის შეუძლებელიც კი იყოს გამოსხივების ზემოქმედების სრულად თავიდან აცილება, მაგრამ თითოეულ ჩვენგანს შეგვიძლია გადავდგათ მცირედი ნაბიჯი იმისათვის, ყოველდღიურად შევამციროთ მისი რაოდენობა.

 

ძირითადი სათქმელი

ცოტა ხნის წინ იმატა სიახლეების რაოდენობამ, სადაც ყურადღების ქვეშ ექცეოდა ჯანმო-სთვის 2015 წელს მიწერილი მიმართვა, რომელშიც ხაზი ჰქონდა გასმული იმ პოტენციურ რისკებს, რომლებიც Bluetooth და უსადენო მოწყობილობების მიერ წარმოქმნილი გამოსხივების ზემოქმედებას ახლავს თან.

მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ეჭვი, რომ Bluetooth და უსადენო ყურსასმენების ქრონიკული გამოყენება შესაძლოა კიბოს იწვევდეს, ამის დანამდვილებით თქმა ჯერ მაინც ადრეა და მეტი კვლევაა საჭირო.

 

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *