ტექნოლოგიები და ჯანმრთელობა

ჯანმრთელობა და ტექნოლოგიები​

cell-phone-absorb
საიტი ატარებს მხოლოდ ინფორმატიულ შინაარსს და არ ეწევა რეკლამირებას ან კომერციულ საქმიანობას. სტატიები ითარგმნება მოხალისეების შემოწირულობებით.

სპეციფიკური აბსორბციის მაჩვენებელი, იგივე SAR – FCC მობილური ტელეფონების გამოსხივების ზემოქმედების ლიმიტები
(წყარო: https://www.rfsafe.com/specific-absorption-rate-sar-fcc-cell-phone-radiation-exposure-limits/ )

კომუნიკაციების ფედერალური კომისიის (FCC) მობილური ტელეფონების გამოსხივებასთან დაკავშირებული სტანდარტები მნიშვნელოვნად ითვალისწინებს ელექტრო და ელექტრონული ინჟინრების ინსტიტუტის (IEEE) (FCC 1997) 1992 წლის რეკომენდაციებს. აღნიშნული სტანდარტების შესაბამისად, სხეულის სხვა ნაწილებთან შედარებით, თავის არეში 20-ჯერ მეტი რადიაციის შეღწევაა დაშვებული და ამავდროულად, ისინი არ ითვალისწინებს ბავშვების საზიანოდ წარმოქმნილ რისკებს.

FCC სტანდარტები მობილური ტელეფონების მომხმარებლების ტვინისა და სხეულის მიერ ათვისებულ გამოსხივებას ზღუდავს სპეციფიკური აბსორბციის მაჩვენებლით – იგივე SAR (specific absorption rate), რომელიც იზომება ერთი კგ ქსოვილის მიერ ათვისებული გამოსხივებული ენერგიის (ვატებში, ვტ) მოცულობით (ვტ/კგ).

მოქმედი FCC რეგულაციების შესაბამისად, SAR დონეები შემდეგნაირადაა დაშვებული: სხეულზე ნაწილობრივ ზემოქმედების შემთხვევაში (თავი) – 1.6 ვტ/კგ, მთლიან სხეულზე ზემოქმედების შემთხვევაში 0.8 ვტ/კგ, ხოლო ხელების, მაჯების, ტერფებისა და კოჭების შემთხვევაში – 4 ვტ/კგ (FCC 1997, 1999).

FCC სტანდარტები ეფუძნება ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებს, რომლებიც 1970-იანი წლების ბოლოს და 1980-იანი წლების დასაწყისში იქნა წარმოებული (Osepchuk 2003). FCC-მ, IEEE-ს რეკომენდაციაზე დაყრდნობით, მობილური ტელეფონებისთვის ლეგალური SAR ლიმიტების განსაზღვრის პროცესში საწყის წერტილად აიღო 4 ვტ/კგ. FCC-ს გადაწყვეტილებისგან განსხვავებით, EPA-ს მეცნიერთა მიერ ჩატარებულმა გამოკვლევამ, იმავე მონაცემთა ერთობლიობაზე დაყრდნობით, დაასკვნა, რომ ბიოლოგიური ეფექტები თავს იჩენს 1 ვტ/კგ SAR დონეზეც კი, რაც 4-ჯერ ნაკლებია IEEE-ს (U.S EPA 1984) მიერ არჩეულ SAR დონეზე. აღნიშნულ SAR დონეზე რადიაციის ზემოქმედება იწვევს ქსოვილის გაცხელებას, რაც თავის მხრივ, იწვევს ქცევით ცვლილებებს თაგვებში, ვირთხებსა და მაიმუნებში, რასაც შესაძლოა „პოტენციურად უარყოფითი ეფექტი ჰქონდეს ადამიანებში” (IEEE 2006).

ამჟამად არსებული FCC სტანდარტები ვერ უზრუნველყოფს უსაფრთხოების ადეკვატურ ზღვარს მობილური ტელეფონების გამოსხივების ზემოქმედების კუთხით და არ გააჩნია სერიოზული ბიოლოგიური საფუძველი.

მაგალითად, თავის არისთვის განკუთვნილი FCC სტანდარტი 2,5-ჯერ დაბალია იმ დონეზე, რომელმაც ქცევითი ცვლილებები გამოიწვია ცხოველებში. იმ სტანდარტს კი, რომელიც ხელებზე, მაჯებზე, ტერფებსა და კოჭებზე ვრცელდება, საერთოდ არ გააჩნია უსაფრთხოების ზღვარი.

FCC-მ მიიღო IEEE-ს შემოთავაზება, თავის არისთვის დაეშვა იმაზე 20-ჯერ მეტი გამოსხივება, რაც საშუალოდ მთლიანი სხეულისთვის არის დაშვებული, მიუხედავად იმისა, რომ სავსებით შესაძლებელია, ტვინი იყოს ადამიანის სხეულის ყველაზე მგრძნობიარე ნაწილი რადიოსიხშირული გამოსხივების მიმართ და უფრო მეტად უნდა იყოს დაცული.

აშშ-ის ბაზარზე მობილური ტელეფონების გასაყიდად FCC თანხმობის მისაღებად მწარმოებლები, ჩვეულებრივ, თვითონ ახორციელებენ ტელეფონების SAR ტესტირებას ან კერძო ინდუსტრიასთან აფორმებენ ხელშეკრულებს. კერძო ინდუსტრიული ორგანიზაციები (სატელეკომუნიკაციო სერტიფიცირების ორგანოები) აქტიურად არიან ჩართულნი მობილური ტელეფონებისა და სხვა უსადენო მოწყობილობების FCC წესებთან შესაბამისობის განსაზღვრის თითოეულ ეტაპზე (FCC OET 2008f).

მობილური ტელეფონების SAR ტესტირება ტარდება ზრდასრული ადამიანის ზედატანის ან თავის ფორმის ყალიბზე, რომელიც შევსებულია წინასწარ შერჩეული ბლანტი სითხეების ნარევით და რომლის მიზანსაც ადამიანური ქსოვილის ელექტრული თვისებების სიმულაცია წარმოადგენს (GAO 2001). SAR-ის განსაზღვრისათვის მობილური ტელეფონი თავსდება ყალიბის გარე ზედაპირთან ახლოს და ჩართვის შემდეგ იწყებს მაქსიმალური სიმძლავრით გადაცემას. ამავდროულად, ყალიბის შიგნით არსებულ ბლანტ ნარევში სხვადასხვა ადგილზე თავსდება ზონდი, რომელიც ზომავს ათვისებულ რადიოსიხშირულ ენერგიას (GAO 2001).

FCC, მობილური ტელეფონების ინდუსტრია და აკადემიური საზოგადოება, ყველა ერთხმად აღიარებს იმას, რომ SAR-ის გაზომვებს სერიოზული პრობლემები აქვს სიზუსტის კუთხით (Cardis 2008; FCC OET 2008e; GAO 2001; Wiart 2008). სამეცნიერო წრეებსა და მობილური ტელეფონების ინდუსტრიაში მომუშავე მეცნიერთა მიერ ჩატარებული კვლევები ცხადჰყოფს, რომ SAR-ზე მნიშნელოვან გავლენას ახდენს ასაკი, თავის ფორმა და ქსოვილის შემადგენლობა (Conil 2008; Wang 2003; Wiart 2008).

ყველაზე დიდ დისკუსიის საგანს წარმოადგენს საკითხი, არის თუ არა ამჟამად გამოყენებული SAR-ის გაზომვის მეთოდები ადეკვატური ბავშვის ტვინის მიერ გამოსხივების ათვისების შესაფასებლად (Gandhi 1996; Wang 2003). ბავშვის ტვინისა და სხეულის სატესტო მოდელებში წარმოებული ბოლოდროინდელი კვლევა SAR-ის შესახებ მიუთითებს იმაზე, რომ ბავშვებში SAR დონეები უფრო მაღალი იქნება, ვიდრე ზრდასრულ ადამიანებში (Conil 2008; de Salles 2006; Gandhi 1996; Martinez-Burdalo 2004; Wang 2003; Wiart 2008).

მობილური ტელეფონების სტანდარტები უგულებელყოფენ ბავშვებს

მეცნიერები, რიგი ქვეყნებიდან, თანხმდებიან იმაზე, რომ ბავშვის თავი და ტვინი, ზრდასრულ ადამიანებთან შედარებით, გაცილებით მეტ გამოსხივებას ითვისებს (de Salles 2006; Gandhi 1996; Kang 2002; Wang 2003; Wiart 2008). მიუხედავად ამისა, აშშ-ში მობილური ტელეფონების ემისიის დონეები და ფედერალური სტანდარტები ემყარება ზრდასრულთა მიერ ათვისებულ გამოსხივებას და არ ითვალისწინებს ბავშვებზე უფრო მაღალი ზემოქმედების არსებობის ფაქტორს და შესაბამისად, უფრო მაღალ რისკებს, ჯანმრთელობის მდგომარეობის კუთხით.

ზოგადად, რაც უფრო მცირეა თავის ზომა, მით უფრო გაზრდილია ტვინის მიერ ენერგიის ათვისების პროცენტულობა (Martinez-Burdalo 2004). გარდა ამისა, ზრდასრული ადამიანების ქსოვილებთან შედარებით, ბავშვების ქსოვილებში უფრო მაღალია წყლისა და იონების შემცველობა (Peyman 2009). აშშ-ის, ფინური მობილური ტელეფონების კომპანია Nokia-ს, ესპანეთის გამოყენებითი ფიზიკის ინსტიტუტისა და დიდი ბრიტანეთის ჯანმრთელობის დაცვის სააგენტოს მკვლევარების თანახმად, ორივე ფაქტორი ზრდის რადიაციის ათვისების დონეს (Gandhi 2002; Keshvari 2006; Martinez-Burdalo 2004; Peyman 2009).

ერთად აღებული ყველა ეს მონაცემი მიუთითებს იმაზე, რომ როდესაც ბავშვი იყენებს FCC სტანდარტების შესაბამისად დამზადებულ მობილურ ტელეფონს, მან შეიძლება მარტივად აითვისოს ისეთი რაოდენობის რადიაცია, რომელიც აღემატება ფედერალური გაიდლაინების მიერ განსაზღვრულ მაქსიმალურად დასაშვებ რადიაციას. FCC სტანდარტები მხოლოდ მცირედ უპირატესობას ანიჭებს ზრდასრულ ადამიანებს, უსაფრთხოების ზღვრის მხრივ, იმ გამოსხივების დონეებთან შედარებით, რაც ცხოველებს აყენებს ზიანს. ბავშვებისთვის ზღვარი ბევრად უფრო დაბალია – თუკი საერთოდ არსებობს ის.

მომხმარებლებს აქვთ სრული უფლება, ჰქონდეთ ინფორმაცია მობილური ტელეფონების გამოსხივების დონის შესახებ

მობილური ტელეფონების მწარმოებლები ეწინააღმდეგებოდნენ SAR-ის გამჟღავნებას (Lin 2000) მანამ, სანამ 2000 წელს FCC-მ არ დაიწყო მობილური ტელეფონების SAR მნიშვნელობების გამოქვეყნება საკუთარ ვებგვერდზე. FCC-ის გადაწყვეტილების შემდეგ ფიჭური სატელეკომუნიკაციო ინდუსტრიის ასოციაციამ (CTIA) მწარმოებლებს მოსთხოვა, გაემჟღავნებინათ მობილური ტელეფონების SAR-ები.

CTIA-ის გაიდლაინების თანახმად, მობილური ტელეფონის SAR მნიშვნელობა მომხმარებლის სახელმძღვანელოში ან ცალკე ფურცელზე უნდა იყოს მითითებული. სავაჭრო ასოციაცია არ მოითხოვს SAR მნიშვნელობის ყუთზე ან თვითონ ტელეფონზე დატანას (Microwave News 2000).

მობილური ტელეფონების გამოსხივების დონის შესახებ ინფორმაცია იშვიათად არის ხელმისაწვდომი საცალო ვაჭრობის ობიექტებში. შესაბამისად, მომხმარებლებს არ შეუძლიათ მარტივად განსაზღვრონ, თუ რომელია დაბალი გამოსხივების მქონე ტელეფონი.

FCC ინარჩუნებს მობილური ტელეფონების SAR მნიშვნელობების მონაცემთა ბაზას ბაზარზე ამჟამად არსებული მოწყობილობებისთვის, თუმცა, მათი გამოყენება რთულია. მნიშვნელოვანი ძალისხმევის შედეგად, მომხმარებელს შეუძლია FCC-ის ვებგვერდზე კონკრეტული ტელეფონისთვის მოიძიოს SAR მნიშვნელობა.

FCC მონაცემთა ბაზაში ინფორმაციის მოსაძებნად მომხმარებელს დასჭირდება ტელეფონის FCC ID ნომერი, რომელიც ტელეფონის ელემენტის ქვეშ არსებულ სტიკერზეა დატანილი. FCC ID-ს პირველი სამი სიმბოლო წარმოადგენს გრანტის მიმღების კოდს; ID-ის დარჩენილი ციფრები და ასოები  წარმოადგენს პროდუქტის კოდს, რომლის შეყვანაც შესაძლებელია FCC-ის ონლაინ ID საძიებო სისტემაში (http://www.fcc.gov/oet/ea/fccid), ხუთიდან შვიდამდე მონაცემის შეყვანით. მომხმარებლებმა ხელით უნდა ჩამოშალონ მონაცემთა თითოეულ ჩანაწერი, რათა იპოვონ დოკუმენტი, რომელშიც მოცემულია SAR მნიშვნელობა კონკრეტული მობილური ტელეფონისთვის.

ამ მოუხერხებელი პროცესისგან განსხვავებით, გერმანიის რადიაციისგან დაცვის ფედერალური ბიურო (BfS) ინარჩუნებს დეტალურ ღია ცნობარს იმ მობილური ტელეფონების შესახებ, რომლებიც გერმანულ ბაზარზეა ხელმისაწვდომი (BfS 2008b). ამგვარი საჯაროდ ხელმისაწვდომი მონაცემთა ბაზის არსებობა მნიშვნელოვნად უწყობს ხელს მომხმარებლებს, ჰქონდეთ წვდომა SAR მონაცემებზე, შესაძლებელს ხდის მოწყობილობის შეძენის დროს ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებას და მოუწოდებს ტელეფონების მწარმოებელ კომპანიებს, შესთავაზონ მომხმარებლებს დაბალი SAR-ის მქონე ტელეფონები.

რეკომენდაციები

აშშ-ს მთავრობამ უნდა მოითხოვოს გაყიდვის ადგილზე ტელეფონების მათი გამოსხივების შესაბამისად ეტიკეტირება, რათა მომხმარებლებს შეეძლოთ ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღება ტელეფონების შეძენისას.

მობილური ტელეფონების ინდუსტრიამ მომხმარებლებს უნდა შესთავაზოს ტელეფონები, რომლებიც იმუშავებენ მინიმალური შესაძლო გამოსხივებით და თითოეული ტელეფონის გამოსხივების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომი უნდა იყოს მისი გაყიდვის ობიექტში.

მთარგმნელი: ალექსანდრე ჩომახიძე

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *